ჯერ კიდევ XII საუკუნეში გვყავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა – ბიძინა ივანიშვილი 

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მისი გაპრეზიდენტება საქართველოს ევროპულ მიმართულებას კარგად განასახიერებს.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა მმართველ გუნდთან შეხვედრაზე განაცხადა, მისთვის სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს უახლესი ისტორიის სიმბოლო, პირველი ემიგრაციის წარმომადგენელი, დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი და პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატი.

მისივე თქმით, საქართველოს ჯერ კიდევ XII საუკუნეში ყავდა ქალი მმართველი და ამგვარად, ამომრჩეველი ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემით, ქვეყნის შორეულ ისტორიას შეეხმიანება.

“ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი. ჩემთვის ეს ქალბატონი ჩვენი უახლესი ისტორიის სიმბოლოა – პირველი ემიგრაციის წარმომადგენელი, დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი. ქალბატონი ჩვენს დიდ ისტორიასაც ძალიან კარგად ეხმაურება. ჩვენ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა. ამ მხრივ, ჩვენ დღევანდელ ევროპულობას კარგად განასახიერებს ქალბატონი სალომეს გაპრეზიდენტება, რომელსაც, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უახლოეს დროში ვიხილავთ და ჩვენ ამით ჩვენს შორეულ ისტორიას შევეხმიანებით; უახლოეს ისტორიას – პირველ ემიგრაციას და იმ ისტორიასაც დიდ პატივს მივაგებთ და თვითონ ქალბატონ სალომეს მოღვაწეობასაც დავაფასებთ, რომელიც მან ღირსეულად წარმართა თავის ცხოვრებაში. მოგიწოდებთ ყველას კიდევ ერთხელ, რომ მაქსიმალური მობილიზაცია თითოეულმა თქვენგანმა, მაქსიმალური შესაძლებლობები გამოავლინეთ, მხარში დავუდგეთ და ჩვენ, ჩვენს პატივცემულ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე.
რა თქმა უნდა, ლომის წილი მის გამარჯვებაში იქნება მისი ისტორია, მისი მოღვაწეობა და ჩვენი დახმარებითა და თანამდგომითაც ეს აუცილებლად მოხერხდება და გაფორმდება“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, 28 ოქტომბრის არჩევნების მოსაგებად მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილის კანდიდატის ოპონენტებს რესურსი არ გააჩნიათ. ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ნაწილი ჯამში, ხმების 27%-ზე მეტს ვერ აიღებს.

„ის 27%, რაც ბოლო წლებში ჩანს, საზოგადოების ნაწილი, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ არ ასოცირდება და ვერ გაიგო მისი ხელწერა და არ უჭერს მხარს, ეს ჩვენი საზოგადოების ნაწილია, ჩვენ მას პატივს ვცემთ და რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევთ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დღესაც ასე ფიქსირდება, რომ დაახლოებით 10% „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ნაწილზე, ხოლო 17% მეორე ნაწილზე იყოფა. ამის იქით, მათ დიდი რესურსი არ აქვთ“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი თემები