1 ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდება

„1 ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდება და 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდება“ – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გაკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასევე იზრდება მოცვა – 100000 ქულის ნაცვლად 120000 ქულის მქონე ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ დახმარებას.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის ახალი, ინდექსაციის წესით პენსიონერები 1 იანვრიდან გაზრდილ პენსიას იღებენ. დღეს სახელმწიფო პენსია 240 ლარია. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, უნდა გაიზარდოს და გავზრდით ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერები იღებენ 20%-იან დანამატს.

შესაბამისად, სახელმწიფო პენსია მთაში 288, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერთათვის – 330 ლარია. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ყველას გვესმის, რომ არ არის საკმარისი, მაგრამ რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის ძალიან კარგი და აუცილებელი- ინდექსაცია, რომელიც 1 იანვრიდან შევიდა ძალაში. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს ზოგადად, შრომის უსაფრთხოებას და ჩვენი დასაქმებული მოქალაქეების უფლებების დაცვას.

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ფართით ან/და სათანადო ფულადი დახმარებით 42 976 ოჯახი (119 043 პირი) უზრუნველვყავით. საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა 3 000 ეკომიგრანტი ოჯახი. 2021 წლის ბოლომდე კიდევ 3 000-მდე დევნილი და 250-მდე ეკომიგრანტი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართებით. გაიზარდა შშმ პირების დახმარება და ივლისიდან სოციალური პაკეტი 250 ლარამდე იზრდება”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები