„მაღალი ტემპერატურა შესაძლოა, სიკვდილის მიზეზი გახდეს“ – გაფრთხილება მოსახლეობას

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, მოსახლეობას მოუწოდებს, „თბური ტალღებისგან“ მაქსიმალურად დაიცვას თავი.   

„უმეტესობას გვახარებს ზაფხულის მოსვლა და ცხელი ამინდი, თუმცა, როდესაც გიწევს მაღალი ტემპერატურის პირობებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნა, შენს ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს. ზაფხულის ცხელი დღეების დროს დარწმუნდით, რომ თქვენ და თქვენი ახლობლები დაცული ხართ ე.წ. თბური ტალღების მავნე ზემოქმედებისაგან“ – აცხადებენ ცენტრში და რისკებზე საუბრობენ.

„განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე – იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 2003 წელს დაფიქსირებული „თბური ტალღები“ ევროპაში 70,000 სიკვდილის მიზეზი გახდა. ცოდნამ, თუ როგორ დაიცვა თავი ცხელ დღეებში, შესაძლოა იხსნას შენი და შენი ახლობლების სიცოცხლე“ – განმარტავენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში.  

მსგავსი თემები