“ვაქცინები არსად გამქრალა“ – ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინების დანაკლისთან დაკავშირებით მედიასთან განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ არაფერი გამქრალა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, შიდა აუდიტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა და ყველაფერი გაირკვევა.

„ისინი დღეს ჩვენთან წარმოადგენენ მოხსენებას, მოგვცემენ კონკრეტულ მითითებას, როგორ შეიძლება პროცესი ხარვეზების გარეშე გაგრძელდეს. ჩვენს მოქალაქეებს „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესში არ შეექმნათ არანაირი რისკი და პრობლემა… დეფიციტის შექმნა, როგორც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა აღნიშნა, არის გამოწვეული იმ შეფერხებისგან, რომელიც ჰქონდა მწარმოებელს და მათი მხრიდან სამინისტროსთვის ინფორმაციის მოწოდება მოხდა მხოლოდ 22 რიცხვში. ჩვენ ვმუშაობთ დამატებით საერთაშორისო პარტნიორებთან და მომწოდებელთან, რათა „ასრაზენეკას“ ვაქცინების მიმართულებით შემდეგი წყვეტა აღარ იყოს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც მინისტრი განმარტავს, აუდიტის სამსახური ყველაფერს დეტალურად შეისწავლის.

„აუდიტის სამსახური გააგრძელებს დეტალურ მოკვლევას. ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს გეგმურად.  გეგმის თანახმად, მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ მესამე კვარტალში“, – განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები