„მხარეებმა დადეს პირობა, რომ განახორციელებდნენ რეფორმას მართლმსაჯულების სისტემაში, თუმცა, ეს არ განხორციელებულა“ – კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ისევ ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ  საქართველოს სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა.

კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„საქართველოს მეგობრები, საერთაშორისო საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ განხორციელდეს ქვეყნის მისწრაფება ნატო-ში გაწევრიანებისკენ. ბოლო 25 წლის განმავლობაში, აშშ და საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ამ ძალისხმევის მიღწევაში. ასე რომ, ჩვენ ძალიან მოხარულები ვიყავით, როდესაც საქართველოში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა 19 აპრილს მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც მოიცავდა ასევე სასამართლო რეფორმაზე შეთანხმებას“ – აცხადებს კელი დეგნანი და მხარეების მიერ პირობის შესრულების ვალდებულებაზე საუბრობს.

„ახლა ჯერი იმაზეა, რომ ის ვალდებულებები, რაც გაწერილია ამ ხელშეკრულებაში, შესრულდეს. ამ საკითხზე პარლამენტის და ასევე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან შეხვედრები მქონდა.

19 აპრილის შეთანხმებაში ძალიან კარად არის წარმოჩენილი ის გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც ეს ვალდებულებები უნდა შესრულდეს, რაც გულისხმობს უვადოდ მოსამართლეების განწესების დროებით შეჩერებას მანამ, სანამ არ მოხდება ინკლუზიური და ფართო დებატები სასამართლოს რეფორმაზე. 19 აპრილის შეთანხმებაში მხარეებმა დადეს პირობა, რომ განახორციელებდნენ ძალიან ფართო, ამბიციურ რეფორმას მართლმსაჯულების სისტემაში, თუმცა, ეს დღემდე არ განხორციელებულა“ – აცხადებს ელჩი.

მსგავსი თემები