„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ხორცშესხმა უნდა იქცეს იმ მაშველ რგოლად, რომელიც აფხაზეთს ანექსიისაგან და გარდუვალი დაღუპვისაგან იხსნის“ – აცხადებს ჯემალ გამახარია.
ამა წლის 21 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით შეიქმნა სახელმწიფო კომისია, რომელმაც „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგია“ უნდა მოამზადოს. ამ მნიშვნელოვან ინიციატივასა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამასთან დაკავშირებით გამოხატულ რეაქციის ირგვლივ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას კომენტარს უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი ინიციატივა. საქართველოს ყოველთვის ჰქონდა მეტ-ნაკლებად სრულყოფილი დეოკუპაციისა და კონფლიქტის მოგვარების სახელმწიფო სტრატეგია და დღესაც აქვს, მაგრამ არსებული რეალიების გათვალისწინებით, შეუძლებელია რომ ის იყოს ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი. მოგეხსენებათ, ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საერთაშორისო არენაზე, გარკვეულწილად ოკუპანტ სახელმწიფოშიც კი ცვალებადია. შესაბამისად, საჭიროა ამჟამად არსებულ კონკრეტულ ვითარებას მაქსიმალურად მორგებული კონკრეტული, რეალისტური სტრატეგიის ჩამოყალიბება. მის შექმნაში მონაწილეობას მიიღებს საზოგადოების ფართო სპექტრი. ცხადია, სტრატეგიის ჩამოყალიბებაში უმაღლესი საბჭოც თავის წვლილს შეიტანს“, – აცხადებს ბატონი ჯემალ გამახარია.
როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, ახლო მომავალში გაიმართება სერიოზული მსჯელობა როგორც პრეზიდიუმზე, ისე პლენარულ სხდომებზეც. „მინდა ყურადღება გავამახვილო იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო კომისიას ევალება არა მხოლოდ საერთოეროვნული სტრატეგიის შემუშავება, არამედ, რაც განსაკუთრებით მისასალმებელია, მისი განხორციელებაც; ეს კი იმის გარანტიაა, რომ დოკუმენტი პირველივე დღიდან ამუშავდება. მსგავსი უფლებამოსილებით აღჭურვილი კომისია ადრე არ შექმნილა. მიგვაჩნია, რომ პრემიერის ინიციატივა დროულია. მან უნდა უპასუხოს ახალ გამოწვევას, რაც უკავშირდება რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის ღიად გაცხადებულ განზრახვას. მხედველობაში მაქვს 2020 წლის 12 ნოემბერს აფხაზეთისთვის თავსმოხვეული შეთანხმება – აფხაზეთსა და რუსეთს შორის საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბების ე. წ. პროგრამა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ხორცშესხმა არსებითად უნდა იქცეს იმ მაშველ რგოლად, რომელიც იხსნის აფხაზეთს ანექსიისაგან და გარდუვალი დაღუპვისაგან! ამ დროს სოხუმიდან, ასევე ცხინვალიდანაც გვესმის სიმწრის ღიმილის მომგვრელი, მართლაც, უაზრო და, მართლაც, ცარიელი განცხადებები! – აღნიშნავს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
ჯემალ გამახარიას განცხადებით, „აფხაზეთის დე-ფაქტო მმართველობა კრინტს ვერ ძრავს აიბგას ანექსიის გამო, ვერ უპირისპირდება მოსკოვის მოთხოვნით ხელმოწერილ „პროგრამას“, ორმაგი მოქალაქეობის დამღუპველ გეგმას, სამაგიეროდ „აკრიტიკებს“ საქართველოს მომავალ სტრატეგიას, რომელმაც უნდა იხსნას აფხაზეთი გაქრობისაგან! სასაცილოა ეს ყოველივე, სატირალი რომ არ იყოს. ოკუპანტის მიერ ნაკარნახევ განცხადებებს, რომლებიც სოხუმში კეთდება, ყველაზე ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ. მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმების ოფიციალური პოზიციისა, დარწმუნებული ვარ, არა ერთი ღირსეული აფხაზი მიიღებს მონაწილეობას „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ ჩამოყალიბებასა და რეალიზაციაში! – აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.