„ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს რეგიონებში, მათ სჭირდებათ თანამედროვე შენობები, სერვისები და მომდევნო წლებში ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარება იქნება“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაბანში, იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა იუსტიციის მინისტრს და სამინისტროს თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„როგორც აღინიშნა, 450 ზე მეტი სერვისი იქნება ხელმისაწვდომი ამ შენობაში, ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი. მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ აქ დასაქმებული ჩვენი თანამშრომლები ძალიან მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევიან, ისინი ემსახურებიან ჩვენს მოქალაქეებს. მე ვიცი, რომ მინისტრს აქვს ძალიან საინტერესო ინიციატივები, ახალი იდეები, რომელზეც მუშაობს 10 წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს და მრავალფეროვანს გახდის იმ სერვისებს, რომლითაც ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებენ.
ჩვენთვის მთავარი აქცენტი, მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს არა მხოლოდ დიდი ქალაქების განვითარება, არამედ რეგიონების განვითარება, ვინაიდან ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს სწორედ რეგიონებში, ამიტომ მათ სჭირდებათ ასეთი თანამედროვე შენობები, თანამედროვე სერვისები და ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარება იქნება მომდევნო წლების განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.