გემი, რომელსაც შავ ზღვაში რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა, საქართველოში მოდიოდა

  •  

ბრიტანული გემი, რომელსაც შავ ზღვაში რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა, ოდესიდან საქართველოში მოემგზავრებოდა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლასმა Bloomberg-თან განაცხადა. 

როგორც ირკვევა, ბრიტანული გემი სწორედ ის  სამხედრო გამანადგურებელია, რომელის შესახებაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრიტანეთის ელჩთან ისაუბრა – გუშინ, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მიმდინარე წლის 26-30 ივნისს, ბათუმის პორტში, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების სამხედრო გამანადგურებელი გემის – “HMS Defender” ვიზიტის მნიშვნელობას.

რუსულმა ფლოტმა შავ ზღვაში ბრიტანულ სამხედრო ხომალდს ცეცხლი დღეს გაუხსნა, შემდეგ კი რუსულმა “სუ 24 მა” ოთხი ბომბი ხომალდიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ჩამოაგდო. ეს მოსკოვის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ბრიტანეთმა მათი ტერიტორიული წყლები დაარღვია.

ინციდენტი რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულთან მოხდა.

მოსკოვი ამბობს, რომ ბრიტანული ხომალდი იარაღის გამოყენების შესახებ გააფრთხილეს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ მსგავს ინციდენტს შავი ზღვის აკვატორეაში ადგილი არ ჰქონია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანეთის ელჩი დაიბარა.

მსგავსი თემები