„პატიმრის სხეულის ყველა ნაწილის ერთდროულად და არა ნაწილ-ნაწილ გაშიშვლება ხდება“ – ნინო ლომჯარია

„ფსიქიატრიული დაწესებულებებში 2020 წელსაც გამოვლინდა ძალადობის შემთხვევები“ – აცხადებს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას განცხადებით, გასული წლების მსგავსად, პენიტენციური სისტემის უმთავრეს პრობლემას არაფორმალური მმართველობა წარმოადგენს. ომბუდსმენი  დეპუტატებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშს აცნობს.

სახალხო დამცველის შეფასებით, არასათანადო მოპყრობად ითვლება  პატიმართა (მათ შორის არასრულწლოვან ბრალდებულთა) დეესკალაციისა და სამარტოო საკნებში დიდი პერიოდით, ხშირად და დაუსაბუთებლად მოთავსების პრაქტიკა.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, 2020 წლის მონიტორინგმა კვლავ წარმოაჩინა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში დროული და ხარისხიანი სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის დაცვის სერვისების უზრუნველყოფა პრობლემურია. ასევე კვლავ გრძელდება პატიმრების სრული შემოწმების პრაქტიკა, რა დროსაც პატიმრის სხეულის ყველა ნაწილის ერთდროულად და არა ნაწილ-ნაწილ გაშიშვლება ხდება.

„ფსიქიატრიული დაწესებულებებში 2020 წელსაც გამოვლინდა ძალადობის შემთხვევები, როგორც დაწესებულებების თანამშრომელთა მხრიდან პაციენტების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე თავად პაციენტთა შორის კონფლიქტებისა და ძალადობის ფაქტები. კვლავ პრობლემურია პაციენტების მიმართ ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვების გამოყენების ხშირი და მანკიერი პრაქტიკა. არასათანადო მოპყრობას უტოლდება ის საცხოვრებელი პირობები, რომლებშიც პაციენტებს უწევთ ცხოვრება და უტარდებათ მკურნალობა. კვლავ სისტემურ პრობლემად რჩება სამართალდამცავების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება პროკურატურის მიერ“ – აცხადებს ნინო ლომჯარია.

მსგავსი თემები