სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას ამ წუთებში, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში უსმენენ. ნინო ლომჯარია დეპუტატებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშს აცნობს. ამ კუთხით, ერთ-ერთი თემა, რაზეც ომბუდსმენი საუბრობს, დაკავების პროცესში არსებული დარღვევებია.
ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატმა 2015-2017 წლებში პატიმართა გარდაცვალების 17 შემთხვევა შეისწავლა. როგორც ომბუდსმენი განმარტავს, საქმის მასალები გაცნობის შედეგად დგინდება, რომ გარდაცვალების შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზების თანახმად, პატიმრებს სიცოცხლეში ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები ქონდათ, რომელთაც პენიტენციურ დაწესებულებებში არ მკურნალობდნენ.
ნინო ლომჯარიას შეფასებით, გამოძიება მხოლოდ გარდაცვალების საბოლოო მიზეზებით ინტერესდებოდა და არ იკვლევდა უტარდებოდათ თუ არა, ან რატომ არ უტარდებოდათ პატიმრებს სიცოცხლეში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
„2020 წელს სახალხო დამცველის აპარატში 154 განცხადება დარეგისტრირდა, სადაც მოქალაქეები არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდნენ. არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ჩამდენი პირები 77 შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ, ხოლო 60 შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები. სპეციალური მეთოდოლოგიის საფუძველზე ჩატარებული მონიტორინგით გამოვლინდა, რომ 2020 წელსაც შენარჩუნებულია ადმინისტრაციული წესით დაკავებისას პოლიციის მხრიდან მოპყრობის გაუარესების ტენდენცია“ – ასეთია ანგარიშის ერთი ნაწილი.
ნინო ლომჯარიას შეფასებით, შესწავლილი საქმეების 34.3%-ში დაფიქსირდა დაკავებისას ან დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების ფაქტები. ეს მაჩვენებელი 2018 წელს – 26.8%, ხოლო 2019 წელს 31.8% იყო.