„ბოლო სამი კვირის გამავლობაში, სტაციონარებში უგონო მდგომარეობაში მიყვანილი ავადმყოფების რაოდენობამ მოიმატა. უგონო მდგომარეობა გამოწვეულია ნარკოტიკებით, ალკოჰოლით ან ორივე ერთად“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ ტოქსიკოლოგმა, „კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარე თემურ კობიძემ გააკეთა.
„მთელ მსოფლიოში აღიარებულია, რომ პანდემიის პერიოდში, მწვავე მოწამვლის რაოდენობამ დაიკლო, თუმცა ბოლო სამი კვირის განმავლობაში თბილისში მწვავე მოწამვლით განვითარებულ უგონო მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფების რაოდენობამ მოიმატა. შემთხვევების უმეტესობა ძირითადად ალკოჰოლური ინტოქსიკაციით, სინთეთიკური ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებით, ან კიდევ ორივეს ერთად მიღებით არის გამოწვეული“ – განაცხადა თემურ კობიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.
„მედიაცენტრი მთავარის“ კითხვა, რა შეიძლება იყოს მომატებული შემთხვევების მიზეზი, ტოქსიკოლოგმა ასე უპასუხა: „არ არის გამორიცხული, რომ ნარკოტიკის ახალი პარტია იყოს შემოტანილი, რომელიც უფრო ტოქსიკურია და ეს ხალხი სწორედ ამიტომ ხვდება სტაციონარებში, მაგრამ ჩემი შეხედულებით, ამის გამომწვევი ყველაზე რეალური მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობამ დაიწყო თავისუფალი სიარული და ქცევა, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს კი ნაკლებად აქცევენ ყურადღებას“, – განაცხადა კობიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“