აშშ “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს

ამერიკის შეერთებული შტატები “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს. ამჯერად, გზავნილი რეზოლუციაში გაიწერა. აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა სენატორების ჯინ შაჰინის, რონ ჯონსონის და ჯეიმს რიშის მიერ 2021 წლის 22 აპრილს წარდგენილი რეზოლუცია. პროექტში რამდენიმე ცვლილებაა, მათ შორის სათაურსა და მე-2 პუნქტში. სათაურში აშშ-ის სენატი ხაზგასმით მოუწოდებს ყველა დარჩენილ პარტიას, ხოლო, მეორე პუნქტში კონკრეტულად “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და სხვა პარტიებს, დაუყოვნებლივ მოაწერონ ხელი 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებას. 

ქართული პოლიტიკური პარტიები, მათი საქმეების გასარკვევად, მეტისმეტად ეყრდნობიან შეერთებულ შტატებს – ასე ფიქრობ სენატორი ჯიმ რიში. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე, რომელზეც რამდენიმე საკითხს, მათ შორის საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებას განიხილავდნენ, რიშმა აღნიშნა, რომ მისი გზავნილია, ქართველები თავად გაერკვნენ და საქმეები წინ წასწიონ.

საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღების იდეა სენატორ ჯონსონს ეკუთვნის და ის 19 აპრილს, პოლიტიკურ პარტიებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების შესრულების მხარდაჭერას გამოხატავს.

“სენატორების ჯონსონის და შაჰინის რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ყველა მხარეს, ხელი მოაწერონ და შეასრულონ 19 აპრილს მიღებული შეთანხმება, საუკეთესო ძალისხმევაა და ვამაყობ მისი თანასპონსორობით. საქართველოში ყველა პოლიტიკურმა პარტიამ წარსულში უნდა დატოვოს უთანხმოება და ხელშეკრულების ვალდებულებები შეასრულოს. ეს ერთადერთი გზაა, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაუმჯობესებლად. ჩვენ ვაგრძელებთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან შეხვედრას და ჩემი მოსაზრებით, ისინი მეტისმეტად ეყრდნობიან შეერთებულ შტატებს, საქმეების წინ წასაწევად. ყოველთვის, როდესაც მათ ვხვდები, ჩემი გზავნილია, რომ თქვენ, ქართველებმა უნდა გაარკვიოთ და წინ წაწიოთ საქმეები,”- აცხადებს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარე ჯიმ რიში.

მსგავსი თემები