საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, დღეს დედაქალაქში მცხოვრებ კიდევ 22 ოჯახს გადაეცემა.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბინები სამგორის რაიონში მცხოვრები 15 ოჯახს, ისნის რაიონში – სამს, წყნეთში, ოქროყანაში, ნაძალადევსა და ვაკის რაიონებში კი თითო ოჯახს დაუკანონდება.
დედაქალაქის მერმა იმ ღონისძიებებზეც ისაუბრა, რომელიც თბილისის მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით განახორციელა.
„1 681 ოჯახს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცა საცხოვრებელი ფართები, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, მაგრამ ვერ ახერხებდნენ დაკანონებას, რადგან ეს იყო სახელმწიფო ქონებები. ის ფართები, რომლებიც ამ 1 700-მდე ოჯახს გადაეცა, თანხობრივად 225 მლნ ლარზე მეტია. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ პროგრამას მომავალშიც გავაგრძელებთ. ეს ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ჩვენ ჩვენს სიტყვას ვასრულებთ. ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც ანალოგიური პრობლემა აქვს, აუცილებლად უნდა მიმართოს ადგილობრივ რაიონულ გამგეობებს და ჩვენი მხრიდან მაქსიმლური მხარდაჭერა იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.