ალერგოლოგ-იმუნოლოვი ბიძინა კულუმბეგოვი არსებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ ვირუსის და ახალი შტამების გავრცელების რისკი მაღალია.
„შეზღუდვების შემსუბუქება არ მიმაჩნია გამართლებულად ერთი გამონაკლისის გარდა, ეს არის პირბადის ღია სივრცეში ტარების აუცილებლობა. ღია სივრცეში დისტანციის პროცესი დაცულია და პრობლემა არ არის, თუმცა, სურვილს ვიტოვებდი, რომ ვაქცინაციის პროცესი გააქტიურებულიყო და თუნდაც ეს კომპონენტი ჩვენ კი არ გაგვეთანაბრებინა, არამედ ვაქცინირებული ადამიანებისთვის წახალისების წყაროდ გამოგვეყენებინა, მათთვის შეგვემსუბუქებინა ეს, რომ სხვებსაც ინტერესი გასჩენოდათ“ – აცხადებს კულუმბეგოვი.
მისი შეფასებით, რეგულაციების გამარტივების მოუხედავად, პირბადის ტარება აუცილებელია და ეს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს.
„ეს გამოვიცალეთ საკუთარი ხელიდან. ადამიანები აცრილი არ გვყავს. მინდა, მოვუწოდო ყველას, როგორც სპეციალისტმა, რომ თუ გარშემო, სადაც არ უნდა იყოთ, ადამიანები არიან, პირბადე აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. ისეთ ადგილებში არ წახვიდეთ, სადაც პირბადის გარეშე ბევრი ადამიანი იქნება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. ასევე, ვიდრე ვაქცინირებული არ ხართ, მაქსიმალურად შეზღუდეთ კონტაქტები, შეზღუდეთ სტუმრად ყოფნა, ნაკლებად მიიღეთ სტუმრები. ვაქცინაციის პროცესი არ არის ქვეყანაში იმ მასშტაბის, რაც ჩვენ გვინდა, მაგრამ იმედს ვიტოვებ და მინდა, მჯეროდეს პრემიერის სიტყვის, რომ ორი კვირის შემდგომ საქართველოში მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა“, – ფიქრობს კულუმბეგოვი.