ხონში პოლიციელს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ. თორნიკე კაკაურიძის ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოხდა. არსებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა კაკაურიძეს შენიშვნა მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ოჯახის ინფორმაციით, ხონის პოლიციის მაღალჩინოსანმა 27 წლის ბიჭი სასტიკად სცემა, მას ტვინის შერყევა და მოტეხილობები აქვს. ის კლინიკაშია გადაყვანილი.
თანმხლები პირის ინფორმაციით, კი კაკაურიძეს პოლიციელისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, მხოლოდ იკითხა რატომ სცემდა, რასაც პოლიციელის გაღიზიანება მოჰყვა. მასთან ერთად მყოფი, კიდევ ერთი სამართალდამცველი კი სხვებს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით აშინებდა, რომ არ დახმარებოდნენ.
ოჯახი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სიმართლის დადგენას მოითხოვს. მათი ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ, თორნიკე კაკაურიძეს პოლიციის წინააღმდეგობის გაწევის გამო ბრალი წაუყენეს.