შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონოდ გამგზავრების ორგანიზებისთვის ერთი პირი დააკავა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ს.კ. ბათუმში დააკავეს.
მას ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებითა და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენის ორგანიზებასა და ხელშეწყობაში ედება.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ს.კ.-მ საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს შესაბამისი პირობები შეუქმნა, კერძოდ ყალბი დოკუმენტების მეშვეობით ორგანიზება გაუწია საზღვარგარეთ მის გამგზავრებას და უკანონოდ დარჩენას.
„პოლიციამ, ს.კ.-ის საცხოვრებელი ბინისა და სამუშაო ოფისის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: სხვადასხვა მოქალაქის სახელზე გაცემული ავიბილეთების ჯავშნები, სასტუმროს ჯავშნები, სამედიცინო კვლევების გაყალბებული შედეგები, რეგისტრაციის ბარათები და საზღვარგარეთ გასამგზავრებლად საჭირო სხვა დოკუმენტები. დაკავებულის ოფისის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია 2500 ლარამდე თანხა.
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენის ორგანიზებისა და ხელშეწყობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 344-ე პრიმა-2 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.