ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ის არსად წასულა და არც აპირებს წასვლას. აღნიშნული განცხადება თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან გააკეთა.
“ვარ აქ. მიმდინარეობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება. შევხედოთ ამ ცვლილებებს. არსად წავსულვარ და არ ვაპირებ წასვლას. კანონმდებლობის მიხედვით იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება… არც საარჩევნო დავების პროცესში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და არც საგამოძიებო კომისიაში არცერთი დასაბუთება, არგუმენტი, მტკიცებულება არ შემოსულა. მქონდა მოლოდინი, რომ ვინმე რამეს მოიტანდა, სამწუხაროდ, ეს არ არსებობს“ – აღნიშნა ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე შეფასებით, ზურგს სიმართლე უმაგრებს.
„რა საფუძვლით შეიძლება მოითხოვოს რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ ან სუბიექტმა ნებისმიერი ადმინისტრატორის გადადგომა, ეს იქნება ცესკოს თავმჯდომარე თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე? ჩვენ გვაქვს არგუმენტები. ჩვენს უკან დგას სიმართლე. არცერთი პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტი არაა, დამოუკიდებელი საარჩევნო ორგანოს წევრი თუ ხელმძღვანელი გადადგება თუ არა. ამას უნდა ჰქონდეს დასაბუთება და იმ პირობებში, როდესაც დასაბუთება არაა წარმოდგენილი, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნები ლეგიტიმურად შეაფასეს, ვთვლი, რომ ნებისმიერი შემდეგი ადმინისტრატორისთვის, რომელიც შეიძლება იყოს ცესკოს ან საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელი, იქნებოდა ძალიან ცუდი მესიჯი, რომ ვინმე პოლიტიკური მოთხოვნის და სურვილის გამო წავიდეს“ – აცხადებს ცესკოს თავმჯდომარე.