ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბოდიში მოუხადა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინის დროულად ჩატარება ვერ შეძლო.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად პრობლემა აღმოფხვრილია. მისივე განმარტებით, დღეს მომხდარ შემთხვევას დაგეგმილ თათბირზე განიხილავენ.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მიმართებით ეს პირველი შემთხვევა იყო, პირველ რიგში, ბიდიშს ვუხდი იმ საზოგადოებას, რომელიც დღეს კეთილსინდისიერად მივიდა ვაქცინაზე და ვერ მოხერხდა მათი ვაქცინაცია. მქონდა კომუნიკაცია ჩემს უწყებასთან და შესაბამისად, ამ მომენტისთვის ხარვეზი აღმოფხვრილია. ჩვენ დამატებით გვაქვს თათბირი, რომლის ფარგლებშიც განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება გადავაზღვიოთ მსგავსი ფაქტები, რომელიც როგორც თქვენ აღნიშნეთ, რუსთავშიც იყო”,-განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, მოქალაქეთა ნაწილი ლოჯისტიკური პრობლემის გამო, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაგეგმილ დროს ვერ აიცრა.