2019 წლის ივნისში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, რომელიც აფხაზეთსა და ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად განიხილავს, საქართველოში ვიზიტის დროს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა.
აღნიშნულმა ფაქტმა ოპოზიციის დეპუტატებისა და ქართული საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა, რასაც სამოქალაქო მოძრაობების მხრიდან აქციების დაანონსება მოჰყვა, ხოლო ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის წევრების აქტიურობით, პარლამენტში ასამბლეა შეწყდა.
რუსი დეპუტატის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის დაკავებას სამოქალაქო მოძრაობების პროტესტი #სირცხვილია მოჰყვა. აქტივისტები საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და რუსული დელეგაციის ვიზიტი გააპროტესტეს. მათ ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით: სირცხვილი მთავრობას, Go and Take Away Russian Troops (წადი და გაიყვანე რუსული ჯარი).
ასამბლეის ჩაშლის შემდეგ, სერგეი გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტიდან სასტუმრო რედისონში გადაიყვანეს. სამოქალაქო აქტივისტების ნაწილმაც სასტუმროსთან გადაინაცვლა, სადაც პროტესტი გაგრძელდა. ისინი ითხოვდნენ, რომ ასამბლეა შეჩერებულიყო და გავრილოვსა და რუსულ დელეგაციას საქართველო დაეტოვებინათ.
აქციის მონაწილეების აქტიურობამ შედეგი გამოიღო და გავრილოვმა ჯერ რედისონის შენობა, შემდეგ კი საქართველო დატოვა.
ამით პროტესტი არ დასრულებულა. ოპოზიციამ კობახიძის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა, სამოქალაქო აქტივისტებმა კი საღამოს შვიდ საათზე რუსთაველზე, პარლამენტის წინ, ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსეს.
20 ივნისს, 19:00 სთ-ზე, პარლამენტთან დაგეგმილი აქცია დაიწყო. მოქალაქეები რუსული დელეგაციის ვიზიტსა და ოკუპაციას აპროტესტებდნენ, პარალელურად კი მთავარი მოთხოვნები წამოაყენეს, მათ შორის ირაკლი კობახიძის გადადგომა იყო.
ღამის 12 საათისთვის ძალოვანმა სტრუქტურებმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით აქციის დაშლა გაუფრთხილებლად დაიწყეს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზაზე მდგარი აქციის მონაწილეები თავდაცვის მიზნით ტერიტორიას გაეცალნენ, თუმცა მალევე უკან დაბრუნდნენ.
დილის სამი საათისთვის ძალოსნებმა “ტერიტორიის გასუფთავება” წყლის ჭავლის გამოყენებითაც დაიწყეს, თუმცა მოქალაქეების ნაწილი დაშლას არ აპირებდა, რასაც მორიგი დაპირისპირებები მოჰყვა. სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს 9 აპრილის ბაღში მისდევდნენ და რეზინის ტყვიებს გამიზნულად ესროდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კლინიკაში გადაიყვანეს 240 ადამიანი;
დაშავებულია მინიმუმ 34 ჟურნალისტი;
დაშავებულებს შორის მოხვდა 80 პოლიციელი;
დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ, რომელიც, მისი დის თქმით, უბრალო გამვლელი იყო და აქციაში არ მონაწილეობდა;
აქციის მონაწილეებიდან 3 რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება;
შსს-მ დააკავა აქციის 305 მონაწილე.
პოლიტიკოსებიდან აქციის შემდეგ დააკავეს პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც მომდევნო წლის მაისში, ე.წ 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.