პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ექვსი წლის ბავშვის წამების საქმეზე სასამართლო სხდომა დაიხურა. იმის გამო, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხება და სხდომაზე ხდება გარკვეული სახით მისი პერსონალური მონაცემების გაჟღერება, პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა სხდომის დახურვაზე, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. თუმცა ადვოკატები სხდომის დახურვას არ ეთანხმებოდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომა სრულად დაიხურა გარდა გადაწყვეტილების მიღების გამოცხადებისა.
ექვსი წლის ბავშვის მშობლებს (დედას და მამინაცვალს) გამოძიება მოზარდის წამებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, საუბარია 2019 წლიდან 2020 წლამდე პერიოდზე, რა დროსაც არაერთხელ მოხდა წამების ფაქტი.
ბრალდების მხარე მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ადვოკატები კი ითხოვენ, რომ საერთოდ აღკვეთის გარეშე დარჩეს ორივე ბრალდებული.
ადვოკატ მუხრან ღურწკაიას განცხადებით, წამების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ დევს, საქმეშია ბავშვის ჩვენება, რომელიც, ადვოკატის თქმით, მას დააწერინეს. რაც შეეხება გავრცელებულ ფოტომასალას, ამაზე ადვოკატი ამბობს, რომ ეს ფოტო არის ერთი წლის წინანდელი და როგორ მიიღო ბავშვმა ეს დაზიანება, უცნობია. ადვოკატი ფიქრობს, რომ გარკვეული ადამიანების ინტერესშია, რომ ბავშვების განცალკევება მოხდეს.
ბავშვი ამჟამად ახლა ექვსი თვით მინდობით აღზრდაში იმყოფება.
წამების მუხლი, რაც წარდგენილი აქვს ბავშვის მშობლებს, ცხრიდან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.