მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 2 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს

მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 2 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დაბა ურეკში, სანაპიროდან წყალში შენიშნეს არასრულწლოვანი, რომელიც ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

შემთხვევაზე რეაგირება მაშველებმა უმოკლეს დროში მოახდინეს. არასრულწლოვნის დასახმარებლად წყალში სპეციალური აღჭურვილობით შევიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც ნაპირიდან დაახლოებით 15 მეტრის მოშორებით მყოფი ბავშვი უსაფრთხო ადგილას უვნებლად გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

დღესვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ‘’112’-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქობულეთში, ზღვაში შევიდა მოქალაქე, რომლის ადგილსამყოფელს თანმხლები პირები ვერ პოულობდნენ და ითხოვდნენ მაშველების დახმარებას.

გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო სამუშაოები დაიწყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. მაშველები წყალში გასაბერი ნავით შევიდნენ და მოქალაქე ნაპირიდან დაახლოებით 500 მეტრის მოშორებით აღმოაჩინეს. მამაკაცი წყლიდან უკვე გამოყვანილია უვნებლად. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები