“აბსურდულობა და უტიფრობაა, რომ ირაკლი კობახიძე დღეს კურდღელს ეძახის გახარიას იმ ამბების გამო, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრად აირჩიეს” – გიგა ბოკერია

ივანიშვილის რეჟიმის სხვადასხვა წარმომადგენლის განცხადება, საზოგადოებისთვის იმის შეხსენებაა, თუ როგორ თავხედ, უტიფარ, ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის საზიანო, მავნებელ რეჟიმთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მმართველი გუნდის წევრების განცხადებები შეაფასა ყოფილ პრემიერ-მინისტრ, “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიაზე.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, მმართველი გუნდის წევრები დღეს უკიდურესი აგრესიით აღწერენ გიორგი გახარიას, რომელსაც „სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ მენეჯერად აცხადებდნენ“.

„ივანიშვილის რეჟიმის სხვადასხვა წარმომადგენლის განცხადება, განსაკუთრებით კობახიძის, ჩვენთვის, საზოგადოებისთვის არის იმის შეხსენება, თუ როგორ თავხედ, უტიფარ, ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის საზიანო, მავნებელ რეჟიმთან გვაქვს საქმე.

ადამიანები უკიდურესი აგრესიით და უდიდესი დამცირების დოზით აღწერენ დღეს ადამიანს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ მენეჯერად აცხადებდნენ. პრემიერ-მინისტრად აირჩიეს იმ ამბების შემდეგ, რისთვისაც ახლა აკრიტიკებენ. მათ შორის ბზარი რომ არ მომხდარიყო, პრემიერი იქნებოდა. ამ ადამიანების სიტყვას ფასი არ გააჩნია.

მნიშვნელობა აქვს, იმ მომენტში ოლიგარქთან ვინ არის კარგ ურთიერთობაში, ან რაღაც ინტრიგას ათამაშებს, თუ არა. მათი სიტყვა არ დაიჯერება. ივანიშვილი და მთელი გარემოცვა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ნებისმიერი რამის მკადრებელი ადამიანები არიან. ადამიანი კურდღელს ეძახის დღეს გახარიას იმ ამბების გამო, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრად აირჩია. აბსურდულობა და უტიფრობაა“, – აღნიშნავს ბოკერია.

მსგავსი თემები