“იმედის მომცემია, რომ სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის საქმე განხილვაში მიიღო, მეხუთე წელია, ჩემი ძმა უკანონო პატიმრობაში იმყოფება” – თორნიკე მამალაძე

  •  

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, უკვე მეხუთე წელია, გიორგი მამალაძე უკანონო პატიმრობაში იმყოფება და საქართველოს ვერც ერთ სასამართლოში სამართალს ვერ მიაღწიეს.

თორნიკე მამალაძის თქმით, იმედი აქვს, სიმართლეს დაადგენს სტრასბურგის სასამართლო, რომელმაც, მისივე განმარტებით, საქმე განხილვაში მიიღო.

„როგორც სახელმწიფოს, ისე საპატრიარქოს გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემი ძმის განადგურება და ამას დღემდე პირნათლად ასრულებენ. მესამე წელია, პარალიზებულ მდგომარეობაშია და არც სახელმწიფო, არც საპატრიარქო არაფერს აკეთებს, რომ გამოჯანმრთელდეს. თავის დროზე სტრასბურგის სასამართლოს მივმართეთ და ის ფაქტი, რომ სტრასბურგის სასამართლომ განხილვაში მიიღო, იმედის მომცემია, რადგან სტრასბურგის სასამართლო  განხილვაში არ იღებს საქმეს, თუ საქმეში მტკიცებულებები არ არის და მოგების პერსპექტივა არ აქვს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სამართალი დადგინდება და ჩემი ძმა უდანაშაულოდ იქნება ცნობილი“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

ამასთან, თორნიკე მამალაძე აღნიშნავს, რომ „მეუფე იაკობი მთელი თავისი არსებით სამარცხვინო პიროვნებაა“.

„ჩემი ძმის საქმეში კონკრეტულად ეს ადამიანი იყო ცრუ ჩვენებებით. მეუფე იაკობის შეთითხნილი იყო, გოგაშვილთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომ ჩემი ძმა საპატრიარქოდან მოეშორებინათ. ეს, რა თქმა უნდა, მიანიშნებს იმას, რომ ეს ადამიანები შეშინებული არიან, საპატრიარქოს იურისტიც, რომელიც არაერთხელ ცრუ განცხადებას აკეთებდა ჩემი ძმის მიმართ. ამ ადამიანებმა იციან, რომ ადრე თუ გვიან პასუხი მოუწევთ იმ დანაშაულზე, რაც ჩემი ძმის მიმართ ჩაიდინეს.

გიორგი მამალაძე მესამე წელია, პარალიზებულია. ამას ადასტურებს სახალხო დამცველიც, ექსპერტიზები, რომლებიც ოჯახმა შევუკვეთეთ და თავად იუსტიციის სამინისტრო, რომელმაც არაერთხელ ჩაატარა თავიანთი კვლევა და უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება ის ოქმები, რომელიც ციხეში, ციხის ექიმების მიერ დაიწერა“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

მსგავსი თემები