“გენერალურმა ასამბლეამ განამტკიცა დევნილთა უფლება, ღირსეულად დაბრუნდნენ სახლებში“ – ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს რეზოლუციაზე

  •  

„გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილებები და განამტკიცა დევნილთა უფლება, ღირსეულად დაბრუნდნენ სახლებში“ – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მიღებას მიესალმება. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს წელს საქართველოსთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 57 ქვეყანა შეუერთდა.

“მივესალმებით გაეროს გენერალური ასამბლეის „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის მიღებას, რომლის თანაავტორთა რიგებს წელს საქართველოსთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 57 ქვეყანა შეუერთდა. რეზოლუციის მიღებით, გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილებები და განამტკიცა დევნილთა უფლება, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. მადლობას ვუხდით ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა რეზოლუციის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ, კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი თემები