“საპატრიარქოსთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა მოხდეს ბავშვების შესაბამის პირობებში გადაყვანა, რაც მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრისებს გულისხმობს” – ტიკარაძე

ჩვენ საპატრიარქოსთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა მოხდეს ბავშვების შესაბამის პირობებში გადაყვანა, რაც მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრისებს გულისხმობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ტიკარაძე აღნიშნავს, ყველა მხარე დაინტერესებულია, რომ დაცული იყოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესები და უფლებები.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბავშვების საუკეთესო ინტერესები იყოს დაცული. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საზოგადოების და ყველას მხრიდან შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე, სოციალურ მუშაკებს და ფსიქოლოგებს მიეცეთ ბავშვებთან მშვიდად მუშაობის საშუალება.

მნიშვნელოვანია ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ზრუნვის სააგენტოს, „იუნისეფის“ „ვორლდ ვიჟენის“ და საპატრიარქოს აქტიური ჩართულობით.

ყველა მხარე დაინტერესებულია, რომ დაცული იყოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესები და ბავშვთა უფლებები. მიმდინარეობს დამატებით კიდევ გაცნობა ყველა იმ საჭიროებაზე, რაც ნინოწმინდაშია.

ჩვენ საპატრიარქოსთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მოხდეს ბავშვების შესაბამის პირობებში გადაყვანა, რაც მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრისებს გულისხმობს, რაზეც არაერთი შეხვედრა გაიმართა“,- აღნიშნავს ტიკარაძე.

როგორც ტიკარაძე აღნიშნავს, სახალხო დამცველის მანდატი, უნდა აღსრულდეს. მან ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად მეუფე იაკობის დანიშვნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ძალიან კარგი მოლოდინი აქვთ“.

„სახალხო დამცველს გააჩნია მანდატი, რომელიც უნდა იყოს აღსრულებული. ჯანდაცვის სამინისტროს და ზრუნვის სააგენტოს მხრიდან არასდროს არ ყოფილა ამ ფაქტის ხელშეშლა. ჩვენ ყოველთვის ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით, რაც ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში შედის. ჩვენ ძალიან კარგი მოლოდინი გვაქვს ახალ ხელმძღვანელთან მიმართებაში, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ყველა იმ საჭირო მოთხოვნას, რომელიც დაიცავს ბავშვების ინტერესებს”,-აღნიშნავს ტიკარაძე.

მსგავსი თემები