„საღორიის“ ტყე დასუფთავდა

ქუთაისის მიმდებარედ არსებული მუხნარი ტყე მოსახლეობაში საღორიის ტყის სახელით არის ცნობილი. ეს მართლაც უნიკალური ტერიტორია, სადაც ენდემური და წითელი ნუსხის სახეობა, იმერული მუხა გვხვდება ბოლო ათწლეულების მანძილზე მუდმივ ანთროპოგენულ ზემოქმეებას განიცდის. უკანონო ჭრებმა, ნარჩენებით დაბინძურებამ და სხვა  ფაქტორებმა, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალი ათწლეულის მანძილზე ზემოქმედებდა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ტყის სანიტარულ მდგომარეობაზე, – ინფორმაციას, ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

აღნიშნულ პროცესს წინ უძღვოდა მრავალწლიანი ნეგატიური ფაქტორების ზემოქმედება, როგორებიცაა უკანონო ჭრები, ნარჩენებით დაბინძურება, ტერიტორიაზე არსებული სადერივაციო არხის მოშლა – ტერიტორიის ნაწილობრივი დატბორვა და ბოლოს მსოფლიოში მოწყვლადის სტატუსით ცნობილი მავნებელი ხოჭო – მუხის დიდი ხარაბუზა. აღნიშნული მავნებელი ხოჭო იშვიათად სახლდება ჯანსაღ ხეებზე, და ძირითადად უკვე დასუსტებულ ხეებზე დასახლებითაა ცნობილი.

საღორიის ტყეში სანიტარული მდგომარეობის გამოსასწორებლად  სპეციალისტების მიერ შეირჩა ღონისძიებების კომპლექსი,  რომლებიც მოიცავდა  სანიტარულ ჭრებს (მავნებლის მიერ დაზიანებული/დასახლებული ხეების კორომიდან გამოტანის მიზნით), ნარჩენებისაგან გაწმენდას და ტყის აღდგენას, რომელიც უზრუნველჰყოფს კორომში ახალგაზრდა ხეების არსებობას.

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო აღნიშნულ ღონისძიებებს 2018 წლიდან ახორციელებს. მაგალითად 2018-20 წლებში 2,4 ჰა ფართობზე განხორციელდა ტყის გაშენების სამუშაოები. ტყის აღდგენის მაშტაბების გაზრდის უზრუნველსაყოფად 2019 წელს დამატებით მომზადდა 2 პროექტი ჯამში 20,3 ჰა ფართობზე. განხორციელდა კორომიდან ხმელი და ხმობადი ხეების მოჭრა და გამოტანა სანიტარული ჭრის წესის შესაბამისად, ასევე,  განხორციელდა  ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები.

მიმდინარე 2021 წელსაც დაგეგმილია ისეთი ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველჰყოფს ამ მართლაც უნიკალური კორომის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებას.

მსგავსი თემები