“მთავრობის წევრები და სხვა თანამდებობის პირები სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა”

მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) გრანტის “საპარლამენტო ზედამხედველობის შეფასება საქართველოში” ფარგლებში, წარმოდგენილ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას ეხება.

კვლევაში, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდშია ჩატარებული, ნათქვამია, რომ კოვიდ პანდემიის დროს, განრიგით გათვალისწინებული 11 „მინისტრის საათის“ ნაცვლად, მხოლოდ 4 „მინისტრის საათი“ ჩატარდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე კი, ოპოზიციური ფრაქციების მიწვევისას საერთოდ არ მივიდა კომიტეტის სხდომაზე.

„მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას, მაგ., მინისტრები დროულად და სრულად არ პასუხობენ სადეპუტატო კითხვებს. საანგარიშო პერიოდში გაგზავნილი 1683 კითხვიდან 288 პასუხგაუცემელი დარჩა; ოპოზიციური ფრაქციების მოწვევისას მინისტრები არ ესწრებიან კომიტეტის სხდომებს. საანგარიშო პერიოდში ოპოზიციურმა ფრაქციებმა ანგარიშვალდებული პირების კომიტეტის სხდომაზე დაბარების უფლება 32-ჯერ გამოიყენეს, აქედან 21 შემთხვევაში თანამდებობის პირი არ დაესწრო სხდომას.

არ არსებობს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ოპოზიციას მისცემდა შესაძლებლობას, მოკლე ვადაში, აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე დაიბაროს მთავრობის წევრი, დაუსვას მას კითხვები და გამართოს დებატები. ოპოზიციურ ფრაქციას კომიტეტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის, გენერალური პროკურორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დაბარების უფლება არ აქვს, რაც დაუსაბუთებლად ზღუდავს ამ უმნიშვნელოვანესი თანამდებობის პირების მიმართ საკომიტეტო კონტროლის განხორციელებას,”- ნათქვამია ანგარიშში.

მსგავსი თემები