“NATO-რუსეთის ურთიერთობა ასეთ დაბალ ნიშნულზე, ცივი ომის შემდეგ არ ყოფილა” – იენს სტოლტენბერგი

ბრიუსელში NATO-ს სამიტი იმართება – დღის წესრიგში საქართველოს საკითხიცაა. ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები უკვე შეიკრიბნენ. მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობასთან ერთად, დღეს დასკვნით დოკუმენტს მიიღებენ.

ქართულ მხარეს აქვს მოლოდინი, რომ კომუნიკეში ადეკვატურად აისახება საქართველოს მიერ ევრო-ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი.

NATO-ს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ NATO-ს ურყევი მხარდაჭერა “ღირებული პარტნიორებისადმი” – ანუ საქართველოსა და უკრაინისადმი, კიდევ ერთხელ დაფიქსირდება.

გარდა ამისა, როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, NATO ადაპტირდება და არსებულ გამოწვევებს მაღალი მზაობით პასუხობს. მისივე თქმით, მათ სურთ მეტი ინვესტიცია ჩაიდოს ალიანსის გაძლიერებაში.

“ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ურთიერთობაში ახალი თავი იხსნება. NATO-ს ლიდერებთან ერთად   ვისაუბრებთ ჩვენს რუსეთთან ურთიერთობაზე. მინდა ავღნიშნო რომ NATO-რუსეთის ურთიერთობა არ ყოფილა ასეთ დაბალ ნიშნულზე ცივი ომის შემდეგ. ეს კი ხდება რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო, რომელსაც ის თავის მეზობლების მიმართ ახორციელებს, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. აგრესიულ ქმედებებში ვგულისხმობ კიბერთავდასხმებსაც.

NATO ადაპტირდება და არსებულ გამოწვევებს მაღალი მზაობით პასუხობს. პრეზიდენტი ბაიდენი მალე პუტინს შეხვდება, სადაც აღსანიშნავია, რომ იარაღის კონტროლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება.

ჩვენ ვართ ერთიანი და ეს ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ რუსეთი ალიანსის დაყოფას ვერ შეძლებს. მიუხედავად ამისა NATO ისწრაფვის რუსეთთან დიალოგისკენ, ეს კი სისუსტე კი არა არამედ სიძლიერეა. ვისაუბრებთ ჩინეთზეც, მის აღზევებაზე, კლიმატის ცვლილებაზე და იარაღის კონტროლზე.

ასევე უსაფრთხოების კუთხით ჩვენს გამოწვევებზე, 2030 წლის NATO-ს ამბიციურ გეგმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი სიცოცხლისუნარიანობა, ცოდნა და უსაფრთხოება. გვსურს მეტი ინვესტიცია ჩავდოთ ალიანსის გაძლიერებაში და იმედი მაქვს NATO-ს ლიდერებთან ერთად მივაღწევთ შეთანხმებას – მეტი ფინანსური რესურსის გამოყენებაზე,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები