„უნდა მოხდეს ნინოწმინდის ბავშთა სახლის ახალ სტანდარტებზე მორგება“ – საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

  •  

საქართველოს საპატრიარქო კარლ ჰარცელის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით საპატრიარქოში გამართული შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ბავშვთა პანსიონი მსოფლიოში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებზე გადავა.

„დღეს, 2021 წლის 13 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) სასულიერო პირებთან და საპატრიარქოს შესაბამის თანამშრომლებთან ერთად ევროკავშირის ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს, ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოში გაერო-ს ბავშთა ფონდისა (UNICEF) და World vision-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დღევანდელი შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით შედგა, რათა ჯადაცვის უწყების თანამშრომლებსა და საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონოდათ მართებული წარმოდგენა ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიის პოზიციის შესახებ.

მოწვეულმა მხარეებმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს, რომ ეკლესიამ თავის დროზე მაქსიმალური შეძლო და ყველაფერი გააკეთა ბავშვების დასახმარებლად და აღსაზრდელად. ამასთან, ახალ დროს მოაქვს ახალი მოთხოვნები, პრიორიტეტები და გამოწვევები, რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს ნინოწმინდის ბავშთა სახლის ახალ სტანდარტებზე მორგება. აღნიშნულისათვის კი საჭიროა კონსტრუქციული მუშაობა, რაც გულისხმობს გადაწყვეტილებების ბავშვების ინტერესების დაცვით მიღებას და საერთაშორისო მოთხოვნებისა და ნორმების გათვალისწინებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი მსოფლიოში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებზე გადავა.

„ვისაუბრეთ ბოლო დროს შექმნილ სირთულეებზე, რომლებიც ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლთან იყო დაკავშირებული და არა მხოლოდ ამ ბავშვთა სახლთან, არამედ ზოგადად პრინციპებზე, რომლებიც გულისხმობს თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებას. აქ გამართული დიალოგი და დისკუსია ძალიან პოზიტიური იყო ეკლესიისთვის“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები