წაბლის სოკოვანი დაავადება როგორც საქართველოში, ისე ევროპაში სერიოზული პრობლემაა

  •  

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოსლევში, წაბლნარ კორომებში სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებების შედეგების შუალედური მონიტორინგი მიმდინარეობს.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სატყეო სააგენტოდან აცნობეს, საქართველოში, გასული საუკუნეში წაბლის დაავადების გამოჩენის შემდეგ, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ გასულ წელს, პირველად განახორციელა დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური მეთოდების გამოყენების სრულყოფილი და თანმიმდევრული სამეცნიერო და სატყეო ღონისძიებები.

„იმერეთის რეგიონში, დაავადებული წაბლნარი ტყის ეკოსისტემების აღდგენის პროგრამის განხორციელებისთვის, სააგენტომ, საერთაშორისო ექსპერტის, დოქტორის ირინა მაციაკის ჩართულობით, დაიწყო წაბლნარი კორომების აღდგენის ღონისძიებები სოკოვანი დაავადების ბიოლოგიური კონტროლის გზით. განხორციელდა სასარგებლო მიკროორგანიზმების შეტანა ზესტაფონის სატყეო უბნის ბოსლევის სატყეოში (43 ჰა), სადაც სანიტარიული ჭრის განხორციელების შემდეგ, სპეციალურად გამოიყო საექსპერიმენტო უბნები.

შტამების შეტანა 200-მდე დაავადებულ წაბლის ხეზე მოხდა. ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდი ხელს შეუწყობს დაავადებული წაბლნარი კორომების გაჯანსაღებას, რაც შუალედური მონიტორინგის შედეგებითაც დადასტურდა. წაბლის სოკოვანი დაავადება წლების განმავლობაში წარმოადგენს პრობლემას როგორც საქართველოში, ასევე ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი, ბელგია, იტალია“ – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები