ბარათაშვილის აღმართზე სპეციალურ ასფალტს აგებენ – იცვლება ტრანსპორტის მარშრუტი

  •  

თბილისში, ბარათაშვილის აღმართზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, 28 სექტემბრის 21:00 საათიდან 29 სექტემბრის ჩათვლით, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემები: კერძოდ, N37 ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან მეტროსადგურ „ისნამდე“ როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით, იმოძრავებს “ნავთლუღის”, გულუასა და გორგასლის ქუჩების გავლით.

ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით მოძრავი სხვა ავტობუსების ბოლო გაჩერებად მეტროსადგური „ავლაბარი“ განისაზღვრა, ხოლო მიკროავტობუსები – ბარათაშვილის ქუჩიდან ჯერ გორგასლის ქუჩაზე ჩაუხვევენ, შემდეგ 300 არაგველის ხიდის მეშვეობით დაუკავშირდებიან იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებს, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

“იმის გამო, რომ სპეციალურ ასფალტს ვაგებთ, რომელიც მოდიფიცირებულია, უწყვეტ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ. შესაბამისად, კომპანიამ მოითხოვა, ორი დღის განმავლობაში, ქუჩა დროებით ჩაკეტილიყო. ბოლო ეტაპი კეთილმოწყობის სამუშაოები იქნება – ტროტუარი, საფეხმავლო ბილიკები და გარე განათებები მოეწყობა. აღნიშნული გზა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ახლა კი, ქალაქში ერთ-ერთი ლამაზი, განახლებული ქუჩა გვექნება.”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, ღამის განმავლობაში მიმდინარე სამუშაოების ადგილზე გაცნობისას.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 24 ივლისიდან დაიწყო. პროექტი სანიაღვრე ქსელის აღდგენას, სადრენაჟო სისტემის, ბაზალტის ბორდიურისა და ტროტუარის მოწყობას, ასევე, ახალი მოაჯირებისა და დეკორატიული სანათების მონტაჟს ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი ჯამში 15 000 კვადრატულ მეტრზე დაიგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბლექ სი გრუპი“ ასრულებს და მის განსახორციელებლად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 233 233 ლარი დაიხარჯება.

მსგავსი თემები