მიხეილ კალანდიამ გიორგი მენაბდის წინააღმდეგ წარმოებული გამოძიების ფარგლებში ჩვენება არ მისცა

  •  

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ ამავე საქმეში ბრალდებულ გიორგი მენაბდის წინააღმდეგ წარმოებული გამოძიების ფარგლებში ჩვენება არ მისცა.

მასთან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს გამომძიებელი და ადვოკატი იმყოფებოდნენ. როგორც დაწესებულების დატოვების შემდეგ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ განაცხადა, მიხეილ კალანდიას სამართლებრივი სტატუსი აძლევს საშუალებას, რომ ჩვენება არ მიეცა.

ამასთან, ადვოკატი იმ გამომძიებლის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს, რომელიც კალანდიასთან იმყოფება. თოდუას თქმით, სწორედ აღნიშნულმა გამომძიებელმა მიიღო ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ საქმის წარმოებაში მონაწილეობა.

ცნობისთვის, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. უზენაესმა სასამართლომ კი, საკასაჩიო საჩივარი საერთოდ დაუშვებლად მიიჩნია. აღნიშნულ საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი.

მსგავსი თემები