ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი გახსნა

„დღეს ჩვენ გავხსენით ქუთაისის ახალი ტერმინალი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ქუთაისის აეროპორტმა დაამტკიცა, რომ  გახსნის დღიდან არის ძალიან წარმატებული“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ტერმინალის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახალი ტერმინალი არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ის 6-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე პირველი ტერმინალი. პრემიერის თქმით, ეს საშუალებას იძლევა, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს მგზავრთა ნაკადი.

„ჩვენ გავხსენით ქუთაისის ახალი ტერმინალი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის. ქუთაისის აეროპორტმა დაამტკიცა, რომ გახსნის დღიდან არის ძალიან წარმატებული. ქუთაისის აეროპორტი 2019 წელს აღიარებული იქნა ყველაზე მზარდი და განვითარებადი აეროპორტი მთელი ევროპის მასშტაბით, კერძოდ, იგი არის მეორე ადგილზე. შესაბამისად, ჩვენმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე წლის წინ, რომ აგვეშენებინა ახალი ტერმინალი, რომელიც, როგორც ხედავთ, არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. ის 6-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე იყო პირველი ტერმინალი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ მგზავრთა ნაკადი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ავიამიმოსვლები განახლებულია და დაახლოებით 50%-ზე მეტი ავიაკომპანია უკვე დაბრუნდა საქართველოში.

„ჩვენთვის მთავარი გამოწვევა ახლა არის პანდემიიდან ჩვენი ქვეყნის დროულად გამოსვლა, მეტი სამუშაო ადგილების შექმნა და მეტი კეთილდღეობა ჩვენი მოსახლეობისთვის. ტურიზმი ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. ტურიზმი ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი და გენერატორი იყო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების თვალსაზრისით. შესაბამისად, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს ეს სექტორი.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ავია მიმოსვლები განახლებულია. დაახლოებით 50%-ზე მეტი უკვე დაბრუნდა საქართველოში,  სიხშირეების 55%-ზე მეტი აღდგენილია, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს რომ ძალიან მალე აღდგება აღნიშნული სექტორიც. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ვულოცავ აეროპორტების გაერთიანების დირექტორს და მის თანამშრომლებს, ეკონომიკის მინისტრს, ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები