“ჩვენ გვინდა ყოველთვიურად 600-700 ათასი ადამიანი აიცრას, მაშინ, დიდი ალბათობით, ეპიდსიტუაციის გართულების და ძლიერი მეოთხე ტალღის საშიშროება ნაკლები იქნება” – ამირან გამყრელიძე

ჩვენ გვინდა ყოველთვიურად 600-700 ათასი ადამიანი აიცრას, მაშინ, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით, ეპიდსიტუაციის გართულების და ძლიერი მეოთხე ტალღის საშიშროება ნაკლები იქნება, -ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კითხვას, როგორი იქნება კორონავირუსის მეოთხე ტალღა და ხომ არ იყენებენ კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს პოლიტიკური მოტივით. როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, მის განცხადებებსა და ქმედებებში პოლიტიკის ელემენტი არ არის, კორონავიურისის მეოთხე ტალღა კი ევროპაში ზაფხულის ბოლოდან არის მოსალოდნელი.

„ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, მე რამდენჯერმე განვაცხადე და დღესაც ვადასტურებ, რომ ჩემს მოღვაწეობაში და განცხადებებში პოლიტიკის ელემენტი არ არის. ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, მე პირველ რიგში, ადამიანის ჯანმრთელობას ვაყენებ, შემდეგ დანარჩენს. რაც შეეხება მეოთხე ტალღის ალბათობას, ვერავინ ვერ გამორიცხავს ამას. იმ ინსტიტუტის პროგნოზირებით, რომელსაც ვეყრდნობით, აღნიშნულია, რომ შესაძლებელია ევროპაში, მათ შორის საქართველოში აგვისტოს ბოლოს, შემოდგომის დასაწყისში იყოს მეთხე ტალღა“,-აღნიშნავს გამყრელიძე. მისივე თქმით, მეოთხე ტალღის სიმძიმე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ეპიდვითარება იქნება ზაფხულში.

„ზაფხულში ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება, რა რაოდენობით მოსახლეობას ავცრით, როგორი მოცვა გვექნება. მეოთხე ტალღის, ზოგადად ეპიდვითარების გაუარესების ალბათობა გაცილებით მეტი იქნება, რაც უფრო ნაკლები ადამიანი იქნება აცრილი. ოფიციალურად ქვეყანაში 350 ათასი ადამიანია ინფიცირებული, ვისაც ლაბორატორიულად აქვს დადასტურებული, სხვადასხვა გათვლებით, ევროპაში შეფასებითი მაჩვენებლით 38% არის, ჩვენთან კი 33% ინფიცირებულია. დაახლოებით, მილიონამდე ადამიანს ქვეყანაში ასიმპტომურად, ან სიმპტომურად გადატანილი აქვს ინფექცია. აქედან გამომდინარე, ვისაც გადატანილი აქვს, უვითარდება ბუნებრივი იმუნიტეტი. მესამე ტალღა ისეთი დამანგრეველი რომ არ გვქონდა, როგორც მეორე, ამის განმაპირობებელი იყო ის, რომ გარკვეულ რაოდენობას ჰქონდა იმუნიტეტი, მაგრამ ახლა, ბუნებრივთან ერთად, აცრით გამოწვეული იმუნიტეტი უნდა დავამატოთ. ჩვენ გვინდა ყოველთვიურად 600-700 ათასი ადამიანი აიცრას, მინიმუმ 500 ათასი, მაშინ, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით, ეპიდსიტუაციის გართულების და ძლიერი მეოთხე ტალღის საშიშროება ნაკლები იქნება “,- აღნიშნავს გამყრელიძე.

მსგავსი თემები