ირაკლი ღარიბაშვილი იმერეთის რეგიონს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დღეს იმერეთის რეგიონს ეწვევა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრება და უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულებთან გამართავს შეხვედრას.

მათივე ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის პროექტის განვითარებაში ფონდი „ქართუ“ ერთ მილიარდ ევროზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს, 2020 წელს, პანდემიის პერიოდში გაიხსნა. ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად კითხულობენ მეცნიერები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. უნივერსიტეტი დაფუძნების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან.

დღესვე, პრემიერი ქუთაისის ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობას გახსნის და შენობის საძირკველში სიმბოლურ კაფსულას ჩადებს.

პრემიერ-მინისტრი ქუთაისის აეროპორტის ახალ ტერმინალს გახსნის. განახლებული აეროპორტის ტერმინალის ფართობი დაახლოებით 6-ჯერ აღემატება ძველი ტერმინალის ფართობს და ჯამურად 30 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. მთავრობის მეთაური იმერეთში სტუმრობისას ვანის განახლებულ არქეოლოგიურ მუზეუმს დაათვალიერებს.

მსგავსი თემები