„ერთი ხულიგანი პოლიტიკოსის დასაკავებლად სამი ათასი სპეცრაზმელის შეჭრა“ – გიორგი გახარია

„შეშინებული ადამიანის ბოდვა“ – ასე აფასებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ირაკლი კობახიძის განცხადებას მის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირზე.

„ეს არის შეშინებული კაცის ბოდვა. პარტიის ხელმძღვანელობამ 13 თებერვალს მომმართა თხოვნით, რომ შევხვედროდი უმრავლესობას. როგორც ჩანს, ისინი ვერ არწმუნებდნენ უმრავლესობას ნიკა მელიაზე იმუნიტეტის მოხსნაში და მთხოვეს, ამ პროცესში მიმეღო მონაწილეობა. ამას დავთანხმდი რამდენიმე მიზეზის გამო, მაშინაც და დღესაც ვთვლი, რომ ადამიანი, რომელიც პარლამენტზე შტურმის ორგანიზატორი იყო, უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე. ჩემი პოზიცია იყო შემდეგი, ჩვენ თუ გვინდა, რომ სამართალი აღსრულდეს და ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვთვლით სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმის ორგანიზატორად სასამართლოს წინაშე წარსდგეს, მელია უნდა იყოს დაკავებული ისე, რომ არავის თავიდან თმა არ ჩამოუვარდეს. ეს იყო ჩემი პოზიცია თავიდანვე“ – განაცხადა გახარიამ.

მისივე შეფასებით, გუნდში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ პოზიცია, რომ საერთოდ, ამის განხილვა სერიოზულად როგორ შეიძლება.

„ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში ვიღაც ერთი ხულიგანი პოლიტიკოსის დასაკავებლად სამი ათასი სპეცრაზმელის შეჭრა. ეს ხდება 16 თებერვალს. 17 თებერვალს ვხედავ, რომ ეს პოზიციები უკვე ჩამოყალიბებულია და რაღაც ზეგავლენა ხდება, უხილავი ხელები მოქმედებენ, ამიტომ მოვითხოვე ხუთსაათიანი შეხვედრის მოწვევა, სადაც იძულებული ვიყავი, დამეფიქსირებინა ისე პოზიცია, რომელიც დავაფიქსირე“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები