ნასვამ მძღოლებზე სანქციები მკაცრდება

საკანონმდებლო ორგანოში პირველი მოსმენით განიხილეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვას ეხება. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების ლევან იოსელიანისა და ალეკო ელისაშვილის ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობამაც მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის, ასევე სატრანსპორტო საშუალების მართვისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის, პასუხისმგებლობად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერება, ნაცვლად 6 თვისა.

ცვლილება მოპედის მართვასაც ეხება, კერძოდ, პროექტით, მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან მოპედის მართვისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ნაცვლად 150 ლარისა.

მართვის უფლების შეჩერების პერიოდში, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს, მძღოლის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას, ნაცვლად მძღოლის დაჯარიმებისა 700 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდისა.

კანონპროექტით, ავტომანქანის ნასვამი პირისთვის გადაცემა გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარისა, ხოლო ამავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1500 ლარისა.

მსგავსი თემები