“ბრალია წარსადგენი კიდევ დამატებით სხვა კვალიფიკაციით, როგორიც არის სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბება” – გარდაცვლილი ექთნის საქმე

გააფართოებს თუ არა ბრალდებულთა წრეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა – ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა ექთნის უფლებადამცველები იმ ადამიანების დასჯას ითხოვენ, ვინც სამედიცინო დოკუმენტაცია შეადგინა. მეგი ბაქრაძის ოჯახის წარმომადგენლები პროკურატურის მხრიდან საქმის გაჭიანურებაზეც საუბრობენ.

“ვისაუბრეთ კლინიკის ექიმებისთვის ბრალის წარდგენის საკითხზე. აღმოჩნდა, რომ ბრალის წარდგენის საკითხისთვის რეგულირების სააგენტოდან ელოდებიან დოკუმენტაციას, რომელსაც არ აძლევს რეგულირების სააგენტო, როგორი ნონსენსიც არ უნდა ჩანდეს, უბრალოდ არ აძლევს რეგულირების სააგენტო და პროკურატურა არის უმწეო არსება, რომელსაც არ შეუძლია რეგულირების სააგენტოდან დოკუმენტაციის ამოღება იმისთვის, რომ ბრალის წარდგენაზე იმსჯელოს.

რაც შეიძლება მოხდეს ამ პროცესის შემდგომ, არის ყველაფერი პროკურატურის, რეგულირების სააგენტოს და ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობა,” – აცხადებს მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი.

ოჯახის კიდევ ერთი ადვოკატის ნინო ამაღლებულის თქმით კი, ბრალი კიდევ დამატებით კვალიფიკაციით არის წარსადგენი, რაც სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბებას გულისხმობს.

“ბრალია წარსადგენი კიდევ დამატებით სხვა კვალიფიკაციით, როგორიც არის სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელსაც კონკრეტული მოწმეები ადასტურებენ თავიანთ ჩვენებებშიც. რადგან დოკუმენტაცია გაყალბდა, შესაბამისად აღნიშნული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დგება, დოკუმენტაცია, ბრალდების წარდგენა, არც ერთი კუთხით არ მუშაობს პროკურატურა და პრაქტიკულად გაჩერებულები არიან მხოლოდ და მხოლოდ დასკვნის მოლოდინში,” – აცხადებს მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი ნინო ამაღლობელი.

შეგახსენებთ, 27 წლის მედდა ახალციხის ერთ-ერთ კლინიკაში 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა, პაციენტი თბილისში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის 19 მარტს გარდაიცვალა.

მსგავსი თემები