ანრი ოხანაშვილი გიორგი ვაშაძეს დებატებში იწვევს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს დებატებში იწვევს. ოხანაშვილმა ვაშაძეს დებატებში მონაწილეობა ბიუროს სხდომის მიმდინარეობისას შესთავაზა, სადაც კამათი გამოიწვია ვაშაძის განცხადებამ, რომელმაც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” მმართველი გუნდის მიერ გატარებულ ცვლილებებს ანტიდემოკრატიული უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეფასება ჰქონდათ საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ის საელჩოს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვაშაძე სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ არასწორია, როცა მის შეფასებას ასაღებს როგორც სტრატეგიული პარტნიორების შეფასებას, რადგან მსგავსი ფორმულირება მათ შეფასებებში არ გვხვდება.

„მე ბატონ გიორგი ვაშაძეს ვთავაზობ დებატებს ამ საკითხზე, წერტილი რომ დაესვას, აირჩიეთ ეთერი სადაც გინდათ – ობიექტური, ნეიტრალური და დავასრულოთ და წერტილი დავუსვათ ამ საკითხს. საზოგადოებამ განსაჯოს ვინ არის ჩვენ შორის მართალი,“- განაცხადა ოხანაშვილმა.

ვაშაძემ საპასუხოდ აღნიშნა, რომ „არც მათი სანქციების და მითუმეტეს, არც დებატების არავის ეშინია“. მისი თქმით, კარგია, რომ ოპონენტებთან დებატებში დაჯდომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო მმართველმა გუნდმა.

„აუცილებლად დავსხდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით და ვიდებატოთ, ძალიან კარგი, რომ გადაწყვიტეთ დებატებში შეიძლება დაჯდეთ ოპოენნტებთან. 2016 წლის შემდეგ თქვენი პარტიის სტანდარტი იყო, რომ ოპონენტებთან დებატებს ემალებოდით,“- განაცხადა ვაშაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს თავშეკავებისკენ და დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე გადასვლისკენ მოუწოდა.

„გსიამოვნებთ ეს პროცესი რაც მიმდინარეობს? იქნებ აქ ფუნქცია დავამტოთ, რომლითაც შევძლებ მიკროფონი გავთიშო ხოლმე, რადგან აქ რაც ხდება, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება,“- განაცხადა კახა კუჭავამ.

ცნობისათვის, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მმართველი გუნდის მიერ მიღებული ცვლილებები უარყოფითად შეაფასეს როგორც ოპოზიციაში, ასევე არასამთავრობო სექტორში. აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩომაც გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ იმედგაცრუებულია მმართველი პარტიის მიერ ნაჩქარევად მიღებული ცვლილებების გამო. 20 მაისს გიორგი ვაშაძემ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ალტერანტიული ცვლილებების პროექტი დაარეგისტრირა, რომლითაც ძველი ნორმების დაბრუნებას ითხოვს.

მსგავსი თემები