დანაშაულის დაფარვა 2-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება

დანაშაულის დაფარვისთვის სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

როგორც “მთავარს” შსს-ში განუმარტეს, საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას და ადეკვატური სასჯელების გამოყენებას იმ პირთა მიმართ, რომლებიც სამართალდამცავ უწყებებთან არ თანამშრომლობენ და მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს ფარავენ.

„სისხლის სამართლის მოქმედი კანონმდებლობით, ნებისმიერი სახის დანაშაულის დაფარვა ან შეუტყობინებლობა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს წარმოადგენს და მსუბუქ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, სასჯელების დიფერენცირება დანაშაულის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით მოხდება. მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა ან პოლიციისთვის შეუტყობინებლობა თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. კერძოდ, მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა 2-დან 6 წლამდე ვადით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. დღეს არსებული სანქციების მიხედვით, აღნიშნული სახის დანაშაულები, 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, ალტერნატიულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ჯარიმის და შინაპატიმრობის სახით. კანონპროექტის მიხედვით, მძიმე კატეგორიის დანაშაული ხდება მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები