მალთაყვაში სპორტული ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში, მალთაყვის უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტში ძირითადად აქცენტი გაკეთებულია ტურისტული და სპორტული ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის არის, საოჯახო სასტუმროებიც და სასტუმროები ბუნების მოყვარულთათვის.

პროექტი ითვალისწინებს რამდენიმე დიდი მოედნის და ერთი სტადიონის მშენებლობას.

“ამ ყველაფერთან ერთად აქვე არის გათვალისწინებული ცალკე უბანი სპორტსმენებისთვის. ეს არის ძირითადი ნაწილი, თუმცა გათვალისწინებულია, ასევე, საგანმანათლებლო ფუნქცია, აქ დასაქმებული ადამიანებისთვის და სტუმრებისთვის სხვადასხვა მიმართულებით გაიმართება კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. გარდა ამისა, ამავე პროექტის ფარგლებში შემუშავადა კოლიმბარის კუნძულის განვითარების გეგმა აგროპარკის ფუნქციით“, – განაცხადა შპს “ურბანიკას“ დირექტორმა ირაკლი მურღულიამ.

ფოთის მერიის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №632 განკარგულების შესაბამისად, ფოთში მალთაყვის უბნის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით ეკონომიკის სამინისტრომ საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა, სადაც გამარჯვებულად შპს “ურბანიკა“ გამოვლინდა.

მალთაყვის სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ნინო გვენცაძემ და შპს „ურბანიკას“ დირექტორმა ირაკლი მურღულიამ წარმოადგინეს.

გეგმარებითი დავალების შესასრულებლად, შესწავლილი იქნა ტერიტორიის ფიზიკური, გეოლოგიური, სეისმოლოგიური და ჰიდროლოგიური მდგომარეობა, ბუფერული ზონები”, – აცხადებენ მერიაში.

მსგავსი თემები