ფილიპ რიკერი დღეს მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი საქართველოში დღეს ჩამოდის.

საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები 7 ივნისს გაიმართება.

ფილიპ რიკერი თავდაპირველად მრგვალი მაგიდა მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ადვოკატირების ჯგუფების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას.

დაგეგმილია შეხვედრა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

17:15 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში პრესკონფერენცია გაიმართება.

დღის ბოლოს კი ფილიპ რიკერი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება.

როგორც ცნობილია ფილიპ რიკერი საქართველოს გარდა აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ეწვევა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის მიზანი ორმხრივი და რეგიონული პრიორიტეტების პროგრესი და რეგიონის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის აშშ-ის მხარდაჭერის გამოხატვაა.

„სახელმწიფო მდივნის მოქმედი მოადგილე რიკერი საქართველოში მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს, რათა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმების შესრულების, ასევე რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიისა და საქართველოს ოკუპაციის საკითხები განიხილონ,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სომხეთსა და აზერბაიჯანში ფილიპ რიკერი შეხვდება მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს ლიდერებს და შეხვედრებზე განიხილავენ ორმხრივ პრიორიტეტებს და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს.

მსგავსი თემები