პარლამენტზე, დემოკრატიაზე და ქვეყნის მართვაში მოქალაქეთა ჩართულობაზე, მოსწავლეები სკოლაში ისწავლიან

  •  

საქართველოს პარლამენტმა, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სკოლის მოსწავლეებისთვის  სამოქალაქო განათლების ახალი სასწავლო პროგრამა, მზიურის პარკში წარადგინა.

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, თითოეული ადამიანი, მათ შორის, ბავშვები იმ პროცესის მონაწილე უნდა იყოს, რომელიც  საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს.

„ჩვენ, რამდენიმე წელია გადავედით სრულიად ახალი ტიპის საპარლამენტო წყობაზე, რაც პირველ რიგში მოიაზრებს თქვენ ჩართულობას და ამისთვის ყველანაირი ინსტრუმენტი არსებობს და შესაძლებლობა, რომ თითოეული ადამიანი, მათ შორის, ბავშვები იყვნენ მონაწილე იმ პროცესისა, რომელიც მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოში“,- აღნიშნა კახა კუჭავამ.

პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, ახალი სასწავლო პროგრამის დანერგვაში კომიტეტი აქტიურად იქნება ჩართული.

„მომავალი სასწავლი წლისთვის პილოტურად  50 საჯარო სკოლაა შერჩეული. მასწავლებლები უკვე გადამზადებული არიან და კომიტეტის ყველა წევრი უშუალოდ ჩაერთვება ამ პროცესში. ვივლით სკოლებში, რათა ბავშვებს ჩვენ თვითონ გავაცნოთ ეს სახელმძღვანელო და ვესაუბროთ  პარლამენტის მნიშვნელობაზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ პროგრამამ მოიცვას საქართველოს ყველა სკოლა“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი  ღონისძიება თავის წვლილს შეიტანს სამოქალაქო განათლების დამკვიდრებაში.

„დღეს გვაქვს შესაძლებლობა წარვადგინოთ ახალი სახელმძღვანელოები, რომლებიც სკოლებში  იქნება შეტანილი. ძალიან მნიშვნელოვანია რეალურად გავიგოთ რას ნიშნავს პარლამენტი, რას აკეთებს პარლამენტი, ზუსტად ვიცოდეთ რაზეა პასუხისმგებელი პარლამენტი და ამავე დროს, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა თვითონ იფიქრონ თავად რა როლი ეკისრებათ“, – აღნიშნა ელჩმა.

მსგავსი თემები