„გარემოსდაცვითი მიმართულება სახელმწიფოს პრიორიტეტია“ – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ავსტრიის ელჩთან, თომას მიულმანთან ერთად, კრწანისის ტყე-პარკში, გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ გამოფენას ,,ბუნების სტუმარი” დაესწრო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ცნობილი ავსტრიელი ხელოვანისა და გარემოსდამცველის, ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის ნამუშევრები.

„1974 წლიდან, მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში გარემოსდაცვით მსოფლიო დღე აღინიშნება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღეს გარემოსდაცვით პოლიტიკაზე საუბარი. გარემოსდაცვითი მიმართულება არის სახელმწიფოს პრიორიტეტი, ასევე პრიორიტეტი საქართველოს ევროპასთან ასოცირების დღის წესრიგის ნაწილში. ერთ-ერთი მიმართულება, რომელშიც საქართველომ პროგრესს უნდა მიაღწიოს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის ღირსეული კანდიდატი ქვეყანა გახდეს, არის გარემოსდაცვითი სწორი პოლიტიკის გატარება. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს ასოცირებით განსაზღვრული კომპლექსური დღის წესრიგი, რომელიც ითვალისწინებს ზრუნვას გარემოს სხვადასხვა მიმართულებაზე“ – განაცხადა მინისტრმა შეხვედრაზე.

მინისტრის თქმით, დაცული ტერიტორიების გაფართოება, რომელიც გასულ წელს რეკორდული მასშტაბით, 200 ათას ჰექტარზე მეტით განხორციელდა და ქვეყნის მთელი ტერიტორიის 12 პროცენტს ფარავს.

„მივიღეთ ახალი კანონმდებლობა, რომელიც უკვე ძალაში შევიდა და წლის ბოლომდე, მსხვილი სამრეწველო საწარმოები ახალი ტექნოლოგიების დანერგვით და მუდმივი მონიტორინგის ფარგლებში, ამ ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას გამოასწორებს. ასევე მნიშვნელოვანია ურბანული გამწვანების საკითხები, რაზეც თბილისის მერია მუშაობს ძალიან აქტიურად. ბოლო წლების განმავლობაში თბილისში, გამწვანების მიმართულებით, მართლაც დიდი პროგრესი გვაქვს. ეს არის კომპლექსური ნაწილი რაც უკავშირდება თბილისის ჰაერის მართვას, რომელიც მთავრობამ 2017 წელს დაამტკიცა. ვხედავთ როგორ შეიცვალა სატრანსპორტო და გამწვანების პოლიტიკა, რომელიც ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. ასეთივე გეგმა მთავრობამ, გასულ წელს, დაამტკიცა ქალაქ რუსთავისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ რუსთავში მნიშვნელოვანი პროგრესი გვექნება. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას შვედეთის მთავრობასთან. გვექნება დაფინანსება, რომ გაკეთდეს რუსთავის მტკვრის ჭალის ეკოსისტემის სრული შეფასება, დაგეგმვა, იმისთვის, რომ რუსთავის გამწვანება გეგმაზომიერად მოხდეს”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი თემები