შესაძლებელია, ახალ რეგულაციებს და შეზღუდვებს ისევ დავუბრუნდეთ

„არავინ ამბობს, რომ შეზღუდვების დაწესება ან მოხსნა საბოლოო გადაწყვეტილება და ეს არ შეიცვლება“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავართან“ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ გააკეთა.

როგორც პროფესორი განმარტავს, ყველაფერი დამოკიდებულია შემთხვევების მატებასა და მოქალაქეების მხრიდან არსებული წესების დაცვაზე.   

„ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთული და მძიმე რჩება. ნებისმიერი რეგულაციების შემსუბუქება ავტომატურად გულისხმობს შემთხვევების მატებას. მთავარია, რამდენად მატულობს შემთხვევები. დღევანდელი ციფრები ჯანდაცვის სისტემისთვის არ წარმოადგენს ისეთ ვითარებას, რომლის მართვაც შეუძლებელია. თუმცა, ამ ციფრების აღმავლობის შემთხვევაში, გასათვალისწინებელი იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაც და ისიც, რომ შესაძლოა, დავუბრუნდეთ შეზღუდვებს“ – განმარტა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე განმარტებით, თუ ციფრები აღმავალი იქნა და მეტი ინფიცირება  დაფიქსირდა, აუცილებლად გასათვალისწინებელი იქნება  შეზღუდვების საკითხი. „მატების შემთხვევაში, ამას ვერავინ გამორიცხავს. არავინ ამბობს რომ შეზღუდვების დაწესება ან მოხსნა საბოლოო გადაწყვეტილებაა და ეს არ შეიცვლება“ – გვითხრა პროფესორმა.  

მსგავსი თემები