გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, გამორიცხულია, რომ კორონავირუსის გამო აბიტურიენტმა გამოცდები სახლიდან ჩააბაროს

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, გამორიცხულია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტმა კორონავირუსის გამო სახლიდან ჩააბაროს. ამის შესახებ გორგოძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კოვიდდადასტურებული აბიტურიენტებისთვის სპეციალური რეკომენდაციები მუშავდება, რის შესახებაც აბიტურიენტებს დაახლოებით, ორ კვირაში ეცოდინებათ. რაც შეეხება აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის დღეს ტემპერატურა დაუდასტურდებათ, გორგოძის თქმით, ისინი გამოცდას სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ჩააბარებენ.

“მზად ვართ ასეთი აბიტურიენტების მისაღებად. გვაქვს სპეციალურად გამოყოფილი სივრცეები, სადაც ის აბიტურიენტები განთავსდებიან, ვისაც ტემპერატურა გამოცდის დღეს დაუფიქსირდებათ. წელსაც ისევე, როგორც წინა წელს, გვექნება ფარები და დაცული იქნება თითოეული მერხი. ვფიქრობ, წელს კიდევ უფრო მეტად მომზადებული ვიქნებით ამ პროცესისთვის, ვიდრე შარშან ვიყავით. ყველა საკითხი, რაც კოვიდს ეხება არის იმ რეკომენდაციებში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გაგვიწერა. სავარაუდოდ, ბევრი რეკომენდაცია იგივე დარჩება, თუმცა, არ გამოვრიცხავ, დაზუსტდეს გარკვეული რეკომენდაციები. ასევე, ინფიცირებული აბიტურიენტების მართვის შესახებ გვექნება დამატებით ბრიფინგი, სადაც ყველაფერს დეტალურად მოგახსენებთ”,- განაცხადა გორგოძემ.

მისივე თქმით, ცენტრი ცდილობს თავი აარიდოს გამოცდის საგამოცდო ცენტრს გარეთ, მაგალითად, სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებას.

„თუ გვეყოლება ერთზე მეტი აბიტურიენტი, ეს იქნება პრობლემატური. შესაბამისად, სხვა სქემაა შემუშავებული და ვფიქრობთ, ეს არ გახდება საჭირო. ასევე, შემიძლია პირდაპირ დაგიდასტუროთ, რომ სახლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება არ განიხილება”,- განაცხადა გორგოძემ და დასძინა, რომ არ არის გამორიცხული რეკომენდაციების ნაწილი, რაც ცენტრმა შარშან გამოიყენა დაზუსტდეს. “მაგრამ რეკომენდაციები, რაც ეხება პირბადის გამოყენებას, დისტანციის დაცვას, ფარებს, ხელების დამუშავებას, ცხადია, ეს დარჩება”,- განაცხადა გორგოძემ.

მისივე ინფორმაციით, წელს ჯამში 25 საგამოცდო ცენტრი იქნება, ამათგან 11 იქნება თბილისში, 3-3 ბათუმსა და ქუთაისში, ხოლო დანარჩენ ლოკაციებზე თითო-თითო საგამოცდო ცენტრი იქნება.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

მსგავსი თემები