“ნინოწმინდის პანსიონის ბავშვებთან მიმდინარეობს მუშაობა, რომ მათი საჭიროებები შეფასდეს და შესაბამისი გადაწყვეტილება იყოს მიღებული” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით მიმდინარეობს ბავშვებთან მუშაობა იმისთვის, რომ მათი საჭიროებები შეფასდეს და შესაბამისი გადაწყვეტილება იყოს მიღებული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უწყება მაქსიმალურს გააკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს და ბავშვებს ფსიქოლოგებიც დაეხმარონ.

„ამ საკითხით დაკავებულია სსიპ “სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო”. იცით, რომ გუშინ, მიიღეს გადაწყვეტილება ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, 6 ბავშვის გადმოყვანის შესახებ, მიმდინარეობს სხვა ბავშვებთან მუშაობა იმისთვის, რომ მათი საჭიროებები შეფასდეს და გადაწყვეტილება იყოს მიღებული.

რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს დიდი ხანია ამ თემაზე აქვს გარკვეული სქემაც და მუშაობაც მიმდინარეობდა იმისთვის, რომ გარკვეულ მარეგულირებელ ჩარჩოში მოქცეულიყო მსგავსი პანსიონატის საქმიანობა. დღეს იქ რეგულირების სააგენტოც მუშაობს, მსგავსი სირთულეები ძალიან საყურადღებოა და როგორც პრევენციულად, ასევე ამ კონკრეტულ შემთხვევაში რეაგირების კუთხით, ჯანდაცვის სამინისტროც და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოც მაქსიმალურს გააკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს და ბავშვების ინტერესები, რომლებიც ამჟამად იქ იმყოფებიან, ფსიქოლოგების და სხვა უწყების დახმარებით მოგვარდეს. ჩვენი მიმართულება და სტრატეგიული ხედვა არის მიმართული იმისკენ, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განვითარდეს მისთვის მაქსიმალურად კომფორტულ და კეთილგანწყობილ გარემოში. ამდენად, ეს იქნება ჩვენთვისაც მთავარი ამოსავალი წერტილი და სამოქმედო გეგმა ამ სიტუაციაში. დანარჩენ დეტალებს, როდესაც ეს პროცესი მთლიანად დასრულდება, სააგენტოს საშუალებით საზოგადოებას ვაცნობებთ“,- განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, სსიპ “სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო” ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დაწესებულების დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სააგენტომ უკვე უზრუნველყო მათი სხვა ზრუნვის ფორმაში გადაყვანა. მათივე განმარტებით, იდენტიფიცირებულია კიდევ 10-მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა.

მსგავსი თემები