პარლამენტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის შეხვედრები მიმდინარეობს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის შეხვედრები პარლამენტში უკვე დაიწყო. პირველ შეხვედრას დელეგაციის წევრები პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან მართავენ, რის შემდეგაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებს შეხვდებიან.

დღესვე მათ შეხვედრა ექნებათ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან.

ხვალ შეხვედრები გაგრძელდება საპარლამენტო ოპოზიციასთან, ხვალვე დელეგაცია შეხვდება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს.

მონიტორინგის ჯგუფის დელეგაცია საქართველოში 2- დღიანი ვიზიტით იმყოფება, ამ ხნის განმავლობაში ისინი საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ, რის შემდეგაც ქვეყნის შესახებ ანგარიშს მოამზადებენ.

მსგავსი თემები