„მოხდა გამაფრთხილებელი გასროლა“ – შსს „ნამახვანჰესის“ აქციაზე დაკავებაზე მორიგ განცხადებას ავრცელებს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგი დაკავებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 1 ივნისს, სოფელ საყულიაში პოლიციამ 1992 წელს დაბადებული ი.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. როგორც უკვე ვაცნობეთ საზოგადოებას, ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, მოხდა თავდასხმა სამართალდამცველებზე.

ადგილობრივებმა პოლიციას გადაადგილების საშუალება შეუზღუდეს, ცდილობდნენ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული ბრალდებულის გათავისუფლებას, შეეცადნენ ცეცხლსასროლი იარაღის პოლიციისთვის წართმევას და უწევდნენ წინააღმდეგობას.

ამავდროულად პოლიციას ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა საგნებს, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო პოლიციის ორმა თანამშრომელმა. სიტუაციის ესკალაციის და დაპირისპირების განმუხტვის მიზნით პოლიციამ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა. ასევე, გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს“ – განმარტავენ უწყებაში.

მსგავსი თემები