“დაბადების პირველივე წუთებიდან იწყება ოკუპირებულ აფხაზეთში ბავშვთა კანონიერი უფლებების შელახვა” – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ აფხაზეთში განხორციელებულმა ეთნიკურმა წმენდამ და გენოციდმა, ცხინვალის რეგიონში დატრიალებულმა ტრაგედიამ უამრავი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა; ათეული წლებია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მომავალ თაობებს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს იქ საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს, კვლავ  უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება.

ჯემალ გამახარიას განცხადებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი დე ფაქტო კანონებით, ადგილობრივ ქართულ ოჯახებში დაბადებული ქართველი გოგო–ბიჭების რეგისტრაციაც კი აკრძალულია, ვინაიდან ისინი დისკრიმინაციის მსხვერპლინი აღმოჩნდნენ და  მამა–პაპათა მშობლიური მიწის მემკვიდრეები, მშობლებთან  ერთად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებად არიან გამოცხადებული! ასე რომ, „დაბადების პირველივე წუთებიდან იწყება მათი კანონიერი უფლებების შელახვა. ქართველ მოზარდებს მშობლიურ ქართულ ენაზე არა მხოლოდ სწავლების, არამედ ლაპარაკის ნებაც წართმეული აქვთ. ხშირად ადგილი აქვს მათი იდენტობის შეცვლის მცდელობას; ანუ ხდება ყველა იმ უფლების სისტემური დარღვევა, რის აღსაკვეთადაც მრავალი ათეული წლის წინ დაწესდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე!“

ჯემალ გამახარია ულოცავს ამ დღეს სრულიად საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს, მომავალ თაობას, უპირველესად ოკუპირებულ აფხაზეთში დაბადებულთ, მიუხედავად მათი ეროვნული კუთვნილებისა; ყველა მოზარდს ჯანმრთელობას, მშვიდობიან, დემოკრატიულ, ეკონომიურად გაძლიერებულ, გაერთიანებულ ქვეყანაში ცხოვრებას და სამშობლოს საკეთილდღეო საქმიანობაში წარმატებულ მონაწილეობას უსურვებს.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გამოთქვამს რწმენას, რომ მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევითა და ქართველების, აფხაზებისა და ოსების შერიგებით, ნდობის აღდგენით, უახლოეს მომავალში რეალობად იქცევა  ტრადიციული თანაცხოვრების პირობების აღორძინება, ქვეყნის გაერთიანება, რაც უპირველესად სწორედ ბავშვებს, ქვეყნის მომავალ თაობას მისცემს საშუალებას იცხოვროს მშვიდად და ბედნიერად ცივილურ, ადამიანურ გარემოში,  ყველა აღიარებული უფლების დაცვით.

მსგავსი თემები